">
სოფელი მელაანის გრძელ გზას რომ აუყვებით, ლამის ცასთან ახლოს, პასტელის უამრავი, მშვიდი ფერით სიმწვანეში შეჭრილი საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმრო Melaanian Vintage შემოგხვდებათ.
ამ სივრცის მასპინძლები საინტერესო გასტრონომიულ მასტერკლასებს, ისტორიული ადგილების მონახულებას და ბუნებაში გასვლით ტურებს შემოთავაზებეთ.
ეკოვინტაჟურ სასტუმროში ოთხი ნომერია, სადაც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქ კახეთის რეგიონისთვის განსხვავებულ სივრცეში აღმოჩნდებით და ბიო ნატურალური ბალახოვანი ჩაის სათავგადასავლო ტურშიც ჩაერთვებით.
თუ აქ ღამეს გაათევთ, საუზმეც განსხვავებული გექნებათ. დილას ბარამბოს ფურცლების, ასკილის კოკრებისა და კუნელის ყვავილებისგან დამზადებული ჩაით დაიწყებთ - ამ ბალხოვან მცენარეებს აქვე, მელაანის ტყე-მინდვრებში აგროვებენ. დესერტად სოფლის ტყის კენკროვანებით დამზადებულ ნუგბარს, სოფლისთვის დამახასიათებელ ტკბილეულს და გულსართიან ღვეზელებს დაგახვედრებენ.
ამ ეკოტურისტული მეურნეობის განსაკუთრებული მიმართულება ბიო-ნატურალური ჩაია. მასპინძელი ამჟამად ორი სახეობის - ბარამბოს და ვარდის კვირტის ჩაის აწარმოებს, რომლებსაც დეგუსტაციის შემდეგ აქვე შეიძენთ.